ჟურნალ ამირანში ქვეყნდება სტატიები კავკასიის ხალხთა ენების, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიკური ყოფისა და ხელოვნების შესახებ. ჟურნალში ასევე იბეჭდება ნებისმიერი თემატიკის სამეცნიერო სტატია, რომელიც ზოგადად კავკასიას შეეხება. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ (ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ (ვრცელი რეზიუმეთი ქართულად და ინგლისურად) ენებზე.
კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე შესწავლილ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლებს შორის თავისი უნიკალური აღმოჩენების მიხედვით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უნდა მიეკუთვნოს ყულევის ნამოსახლარს (ყოფილი # 2 უბანი), რომელიც მდებარეობს ხობის რაიონში, უშუალოდ მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვიდან 200-300 მეტრის დაშორებით.
აფხაზეთის ადრე შუა საუკუნეთა ხანის სამაროვნები თუ ცალკეული სამარხები ძირითადად ნაქალაქართა თუ ნამოსახლართა მახლობლად და ეკლესიებთან, ან უშუალოდ ეკლესიებშია გათხრილი. მათგან ყველაზე გეგმაზომიერად და სრულყოფილად ბიჭვინთის და წებელდის სამაროვნებია შესწავლილი. ფაქტიურად შეუსწავლელია ხაშუფსეს, აჩმარდის, ლაფსთის სამაროვნები (მდ. ხაშუფსეს ხეობაში). რამდენადმე მცირე მასშტაბის სამაროვანი გაითხარა ეკლესიების მახლობლად ოჩამჩირესა და განთიადში. 2002 წელს კი აჭანდარაში, ბორცვ ცოუხუაზე, გაითხარა IV-VI სს. სამაროვანი.
ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში გვხვდება კოლექტიური და ინდივიდუალური სამარხები. ისინი წარმოდგენილია ორი სახეობით: ორმოსამარხები და ქვევრსამარხები (ოსუარიუმები). პირველში სხვადასხვა ფორმა-მოყვანილობის სამარხი ორმოები განირჩევა, რომლებშიც დაკრძალვის 3 წესი ფიქსირდება: ინჰუმაციური, კრემაციული და მეორადი დაკრძალვა.