ჟურნალ ამირანში ქვეყნდება სტატიები კავკასიის ხალხთა ენების, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიკური ყოფისა და ხელოვნების შესახებ. ჟურნალში ასევე იბეჭდება ნებისმიერი თემატიკის სამეცნიერო სტატია, რომელიც ზოგადად კავკასიას შეეხება. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ (ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ (ვრცელი რეზიუმეთი ქართულად და ინგლისურად) ენებზე.
ცენტრალურ ამიერკავკასიური კულტურათა სისტემა, რომელიც თავისმხრივ ცირკუმპონტულ ზონაშიც ერთიანდება, თავისთავად მედიტერანული სამყაროს შემადგენელი ნაწილიცაა. ამრიგად, აღნიშნულ რეგიონში ეთნოგენეტური პროცესების კვლევა სცდება ვიწრო რეგიონალურ საზღვრებს და გლობალურ ხასიათს იძენს. აღნიშნული კუთხით კვლევის ჩატარება უცილობლად კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს, რამეთუ თავად ეთნოსი მრავალსახოვანი ფენომენია და ამდენად, მისი შესწავლა სხვაგვარად ცალმხრივობისა და ზედაპირულობისთვისაა განწირული.
სამუელ ანეცი XII ს. სომეხი ავტორია. მისი თხზულება "ამონაკრეფი ისტორიკოსთა ნაწერებიდან" შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს საქართველოს შესახებ. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დემეტრე I-ის მეფობის ხანის ამსახველი მასალა. მისი მნიშვნელობა დიდია, რადგან ამ პერიოდის ისტორია ქართულ წყაროებში სრულად არ არის ასახული. "ქართლის ცხოვრებაში" დემეტრეს მეფობა მხოლოდ "ლაშა-გიორგის დროინდელ მატიანეში" არის მოცემული ძალიან მოკლე ქრონიკის სახით.
ქვემო და შიდა ქართლის მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლთა შორის არსებული ლოკალური განსხვავებები უკვე კარგა ხანია მეცნიერთა ყურადღებას იმსახურებს. მრავალ მკვლევარს აქვს შესწავლილი კავკასიის ადრე-ბრინჯაოს ხანის ეს ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი. ამ მხრივ, სტატიაში, ალბათ ახალი არაფერი იქნება ნათქვამი, ეს არის ყველა ამ თავისებურების შეძლებისდაგვარად თავმოყრის ცდა და ჩვენს მიერ შესწავლილი ძეგლების მასალებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ წარმოჩენა კავკასიის ადრელითონების ხანის არქეოლოგიის ამ ასპექტისა. ამჯერად განხილული იქნება მხოლოდ ქვემო და შიდა ქართლის ძეგლების ურთიერთდამოკიდებულების საკითხები.